Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ვიზიტისთვის გაკრიტიკებული ბაჩელეტი ამბობს, რომ ახალი ვადით აღარ იქნება გაეროს უმაღლესი კომისარი


მიშელ ბაჩელეტი, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი გაეროში
მიშელ ბაჩელეტი, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი გაეროში

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი - რომელსაც მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს ჩინეთში ახლახან განხორციელებული ვიზიტისთვის - ამბობს, რომ 31 აგვისტოს, ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, პოსტზე მუშაობას აღარ გააგრძელებს ახალი ოთხწლიანი პერიოდით.

"უმაღლესი კომისრის რანგში ჩემი ვადა იწურება და ამ კომიტეტის ისტორიული, 50-ე სესია იქნება უკანასკნელი, რომელსაც მე ინფორმაციით წარვუდგები", - თქვა ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ოთხკვირიანი სესიის გახსნაზე 13 ივნისს. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მიმდინარე თვეში ათობით უფლებადამცველი ჯგუფი გამოვიდა მისი გადადგომის მოწოდებით - ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთში ვიზიტისას ბაჩელეტმა ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო პეკინის "სისასტიკეს". ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბაჩელეტს აკრიტიკებდა, რომ მან "ვიზიტისას ვერ შეძლო ჩინეთის ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკითხის მკაფიოდ დაყენება, უიღურთა უფლებების ხელყოფისთვის".

2 მილიონამდე უიღური, ყაზახი და სინიანის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფების სხვა წევრები ამ რეგიონის საპატიმრო ცენტრებში არიან გადაყვანილი, ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ჩინეთი უარყოფს, რომ ეს ადგილები საპატიმრო ბანაკებია და მათ ოფიციალურად ხელახალი განათლების ბანაკებს უწოდებს, თუმცა პირები, რომლებმაც ბანაკებს თავი დააღწიეს, ამბობენ, რომ ათასობით ადამიანს იქ "პოლიტიკურ ინდოქტრინაციას" უქვემდებარებენ.

XS
SM
MD
LG