Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. გამშვები პუნქტების დროებით გახსნას მიესალმება


ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორის შესასვლელთან
ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორის შესასვლელთან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი მიესალმება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დროებით გახსნას გამშვები პუნქტები სოფლებში ოძისში, ქარძმანსა და სინაგურში.

„გამშვები პუნქტების გახსნა არის საკითხი, რომელიც სარგებლობს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) ფორმატის თანათავმჯდომარეების მუდმივი მხარდაჭერით, მათ შორის 7 ივნისს გამართულ ბოლო შეხვედრაზე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უარყოფითად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა შჩიგელმა. მისი განცხადება მისიის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

სამხრეთ ოსეთის "ხელისუფლებამ" გადაწყვეტილება ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო. სამი ე.წ. გამშვები პუნქტი 13-17 ივნისის ჩათვლით გაიხსნება. უშიშროების საბჭოს სხდომას დე ფაქტო რესპუბლიკის ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.

ცხინვალის ცნობით, გადაწყვეტილება ლომისი ძუარის (ლომისობა) რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება. მოქალაქეებს გადაადგილება ე.წ. საშვებით, პასპორტებით და ვადაგასული საშვებითაც შეეძლებათ.

ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2019 წლის სექტემბერში დაბა ახალგორი ჩაკეტა და იქაური მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია. ბიბილოვმა გზის გახსნის სანაცვლოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანიდან ქართული პოლიციური საგუშაგოს გატანა მოითხოვა. ამ ულტიმატუმის შესრულებაზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა. სამი წლის განმავლობაში ახალგორელები სრულ იზოლაციასა და მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ პრობლემებში აღმოჩნდნენ. ე.წ გამშვები პუნქტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხსნებოდა, რის გამოც ადამიანებს საჭირო სამედიცინო სერვისებზე დროული ხელმისაწვდომობა ეზღუდებოდათ. წინასაარჩევნო შეხვედრისას ალან გაგლოევმა ახალგორელებს პირობა მისცა, რომ გზას გახსნიდა. დაბაში მან ხმების უმრავლესობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, გადაადგილების მექანიზმის საბოლოო ამოქმედებამდე, ე.წ. გამშვებ პუნქტებს თვეში ერთხელ, რამდენიმე დღით გახსნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG