Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონული ოფისი: განადგურებულია სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი, ადამიანები უმძიმეს პირობებში რჩებიან


უკრაინა, დონბასის რეგიონი, 2022 წლის ივნისი
უკრაინა, დონბასის რეგიონი, 2022 წლის ივნისი

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი განადგურებულია და ქალაქში ადამიანები "ძალიან რთულ" ვითარებაში რჩებიან, უთხრა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას.

"ყველა ხიდი განადგურებულია და, სამწუხაროდ, ქალაქში რაიმეს ჩატანა შეუძლებელია", - ამბობს სერჰეი გაიდაი და დასძენს, რომ ევაკუაცია არ ხერხდება. მისი თქმით, რუსეთის ძალებმა გაანადგურეს გაზის, წყლის და ელექტროენერგიის მთელი ინფრასტრუქტურა, რაც "უზარმაზარ პრობლემებს" უქმნის სამედიცინო სერვისებს.

გაიდაის თქმით, რუსეთის არმია ამჟამად აკონტროლებს სევეროდონეცკის 70-დან 80 პროცენტს.

სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ედუარდ ბასურინმა მანამდე თქვა, რომ სევეროდონეცკი "დე ფაქტო" ბლოკირებულია, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა ააფეთქეს უკანასკნელი ხიდი, რომელიც მას აკავშირებდა მდინარე ჩრდილოეთის დონეცის გაღმა მდებარე ქალაქ ლისიჩანსკთან.

უკრაინის გენერალური შტაბი მანამდე აცხადებდა, რომ რუსეთის ძალებმა პოზიციები მოიპოვეს ბოგოროდიჩნოეში - სოფელში, რომელიც მდებარეობს სევეროდონეცკიდან დასავლეთით, 50-მდე კილომეტრის მოშორებით. ბოგოროდიჩნოეს დაკავება რუსეთის ძალებს უპირატესობას აძლევს იმისთვის, რომ მათ შეტევა მიიტანონ სლოვიანსკზე - უფრო დიდ და მნიშვნელოვან ქალაქზე. ბასურინი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა უკვე დაიწყეს სლოვიანსკზე თავდასხმა.

XS
SM
MD
LG