საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ რუსეთი დეზინფორმაციით ცდილობს რეალობა შეცვალოს და ისტორია გადაწეროს. საელჩო "ფეისბუკის" გვერდზე ჩამოთვლის ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს ამ მაგალითებით აღწერს, როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა.
"ფაქტები ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში - ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ებრაელმა ნაცისტებმა.
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა", - აღნიშნავს საელჩო.
გუშინ, 13 ივნისს, ამავე საკითხზე ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმაც.
"ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს კანდიდატობას ევროკავშირში, რადგან გვინდა ვიხილოთ ქვეყნის წარმატება მის ევროპულ მისწრაფებებში. როცა მესმის, რომ ამბობენ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ომის შესაჩერებლად", - თქვა ელჩმა ბათუმში, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.