Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გმობს რუსეთის სისასტიკეს უკრაინის წინააღმდეგ ომში


რომის პაპი
რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი მისი სამხედროების მიერ გამოვლენილი სისასტიკისთვის ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. პაპის თქმით, უკრაინა მამაცურად იცავს თავს.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ სისასტიკეს და დაუნდობლობას, რომლითაც ამ ომს აწარმოებენ სამხედროები, ძირითადად დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებსაც რუსები იყენებენ", - თქვა პაპმა იეზუიტთა მედიასთან საუბარში, რომელიც გასულ თვეში გაიმართა და 14 ივნისს გამოქვეყნდა.

პაპმა ევროპელ ჟურნალისტებს უთხრა, როგორც ჩანს, რუსეთი თვლიდა, რომ ომი ერთ კვირაში დასრულდებოდა, მაგრამ "მათ არასწორად გათვალესო".

"ისინი შეხვდნენ მამაც ხალხს - ხალხს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და რომელსაც ბრძოლის ისტორია აქვს", - თქვა მან.

85 წლის პაპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი დიპლომატი ხვდებოდა კონფლიქტის მოახლოებას. კერძოდ, მან გაიხსენა, როგორ უთხრა ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერმა რუსეთის შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, რომ ნატოს სამხედრო ალიანსი "რუსეთის კარიბჭეს უყეფს" - რაც, შესაძლოა, აღქმული ყოფილიყო როგორც პროვოკაცია, განსაკუთრებით მოსკოვის მიერ, რომელიც "არცერთ უცხო ძალას არ მისცემს მიახლოების უფლებას".

"მაგრამ საფრთხე ისაა, რომ ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ, რაც ურჩხულისებრია და ვერ ვხედავთ მთელ დრამას, რომელიც ომის მიღმა ვითარდება და რომელიც, რაღაცნაირად, ან პროვოცირებული იყო, ან აღკვეთილი არ იქნა. ყურადღება მიაქციეთ იარაღის გამოცდის და გაყიდვის ინტერესს. ძალიან სევდიანია, მაგრამ საბოლოოდ ამასთან გვაქვს საქმე", - დასძინა მან.

რომის პაპმა თავის განცხადებებს სწრაფად მოაყოლა რიტორიკული კითხვა, რომელიც საკუთარ თავს დაუსვა - გადააქცევს თუ არა ეს პოზიცია მას "პუტინის მომხრედ"?

"არა, არ ვარ. ზედაპირული და არასწორი იქნებოდა ამის თქმა", - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG