Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხზე ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღებამდე, მასშტაბური შეკრება შესთავაზა.

„პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან - ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ასევე გთავაზობთ და რაღაც დეჟავიუც მაქვს, არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე - მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები. თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ იმღერონ. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ეს ევროპა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მოლოდინში წარმოებული პოლიტიკის გამო.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

"ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში... თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG