Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაკარგული ავტომანქანები ცხინვალში აღმოაჩინეს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი ავტომანქანა ამოიღეს, რომლებიც თაღლითებმა ადრე უკანონოდ მიჰყიდეს დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის უწყების პრესსამსახურში განაცხადეს. ამოღებულია „ლადა-გრანტასა“ და „ჰიუნდაი-გრეტას“ მარკის ავტომანქანები.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ მიიღეს განცხადებები რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებმაც თავიანთი ავტომანქანები გააქირავეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ დაიბრუნეს.

სამართალდამცველების ვერსიით, თაღლითებმა დაქირავებული ავტომანქანები ოკუპირებულ რეგიონში შეღავათიან ფასად გაყიდეს.

„მილიციის თანამშრომლებმა ოთხი ავტომობილის ადგილსამყოფელი დაადგინეს, ისინი მყიდველებს ჩამოართვეს და დაუბრუნეს კანონიერ მფლობელებს. მყიდველებმა ავტომობილები კომპენსაციის გარეშე დაკარგეს“, - ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ტერიტორიაზე ამ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მოიჯარეზე, რომელიც ეწეოდა უკანონო საქმიანობას, ავტომობილები გადაჰყავდა ცხინვალის რეგიონში და მათ უკანონოდ ჰყიდდა, ძებნაა გამოცხადებული.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ადგილობრივ მოქალაქეებს, მოერიდონ საეჭვო პირებთან ურთიერთობას და არ იყიდონ მანქანები ყველა საჭირო დოკუმენტაციის გარეშე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი როგორც დანარჩენი საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის წლების განმავლობაში რჩებოდა კრიმინალური საქმიანობის შავ ხვრელად. რუსეთსა და საქართველოში გატაცებული მანქანები, გაყალბებული დოკუმენტაციით ადვილად შეჰყავდათ რეგიონში და იქ შეღავათიან ფასებში ჰყიდდნენ.

90-იანი წლებში საქართველოში უამრავი ავტომანქანა დაიკარგა - მოპარული მანქანები გადაჰყავდათ ცხინვალში, იქ ხდებოდა საბუთების და მანქანების მონაცემების გაყალბება და ადგილზევე იყიდებოდა ან რუსეთში ხდებოდა რეალიზება. რუსეთიდან ეს სქემა პირიქით მუშაობდა - იქიდან წამოყვანილი მანქანები ასევე ცხინვალში ყალბდებოდა და შემდეგ საქართველოში იყიდებოდა. ეს კრიმინალური სქემა 2000-იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც საქართველოს პოლიციამ ოკუპაციის ხაზის კონტროლი გააძლიერა. ახლა კი იქ მოპარული მანქანის გადაყვანა თითქმის შეუძლებელია, რადგან გამყოფ ხაზთან პოლიციური საგუშაგოებია და საპატრულო ჯგუფებიც მოძრაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG