Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს


სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია
სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია

"მედიის ადვოკატირების კოალიციის" წევრები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და სთხოვენ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი შეიწყალოს. განცხადებაში წერია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე შეუქმნა.

"ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი განსაკუთრებული შემოთავაზებაა ქართული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში", - წერია განცხადებაში.

მიმართვის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს დარღვევებს, რომლებზეც მიუთითებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სახალხო დამცველი.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "ლიბერალური აკადემია თბილისი", "მედიაკლუბი", "მედიის განვითარების ფონდი", "მედიაომბუდსმენი", "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი", "სატელევიზიო ქსელი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია", "საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია", "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და "ღია საზოგადოების ფონდი".

სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც გვარამია დააპატიმრეს, "სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG