Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: ვიმსჯელეთ, თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად და როგორ გავაძლიეროთ შემდგომში საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობა


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 16 ივნისს კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსის მინისტერიალზე მოკავშირეებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან.

"მე შევხვდი გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელიც გუშინ საღამოს გამართულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. მოკავშირეებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. და საქართველო ყველაზე მეტად არის მათ შორის, რადგან საქართველომ 2008 წელს უკვე განიცადა მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის შედეგები. შესაბამისად, ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად და როგორ გავაძლიეროთ შემდგომში საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობა. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და მოკავშირეებმა ასევე გაუსვეს ხაზი ჩვენ ახლო პარტნიორ საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება აქტიური მსჯელობის საგანი იყო ნატოს შტაბ-ბინაში 15-16 ივნისს გამართულ მინისტერიალზე, რომელზეც ალიანსის თავდაცვის მინისტრები უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შემდგომი გაფართოების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

რაც შეეხება კარს მომდგარ მადრიდის სამიტზე ნატოს გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება სამიტის საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"მე მოველი, რომ როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, ისინი კვლავ დაადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი და ასევე კვლავ გაიმეორებენ იმას, რაც ჩვენ მანამდე, ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნატოს სამიტი, რომელსაც სტოლტენბერგმა "ისტორიული და გარდამტეხი" უწოდა, 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება.

XS
SM
MD
LG