ბაქოში ხანმოკლე ვიზიტიდან დაბრუნებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი რიყეზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რომლის ინიციატორი თავად იყო.
შეკრებაზე პრეზიდენტმა თავდაპირველად ყურადღება ჟურნალისტებთან არაერთი რეპლიკის გაცვლით მიიქცია. საბოლოოდ გაირკვა, რომ ზურაბიშვილი მთავარ სათქმელს მოგვიანებით, მედიასთან კომენტარში იტყოდა.
„სამწუხაროდ, ჩვენ დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. არეულობა [შეკრებაზე] ცოტა არ იყოს უხერხულიც არის“, - თქვა პრეზიდენტმა და მედიის ქცევაზე მიანიშნა. მთავარი გზავნილის შესახებ შეკითხვას კი სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:
„მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ვართ, რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში“.
ზურაბიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ შეკრებაზე მივიდა, როგორც ერთი მოქალაქე და არა პრეზიდენტი.
პრეზიდენტს მოუწია პასუხი გაეცა შეკითხვისთვის, რომელიც ეხებოდა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე მისული ხალხის მცირე რაოდენობას.
„ჩემთვის ორგანიზაცია არ ნიშნავს მიკროავტობუსებით აქტივისტების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის. ნელ-ნელა ვისწავლით, დარწმუნებული ვართ ამაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ აქციაზე პოლიტიკურ პარტიებს არ ელოდებოდა. „ვთქვი გარკვეულად, რომ ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის“, - შენიშნა მან.
ცნობილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ აპირებდნენ. რიყეზე იმყოფებოდნენ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.
პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა: „აქციაზე მისვლის მოტივაცია არის ყველასთვის ნაცნობი, ის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ევროპისადმი. ცალსახაა, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მსგავსი მესიჯები გაჟღერდება, იქნება გზავნილი - ერთად ევროპისკენ. მიუხედავად ბევრი სხვაობისა, კრიტიკისა, რომელიც გვაქვს ორგანიზატორის მიმართ, ვთვლით, რომ დღეს აქ უნდა ვყოფილიყავით“.
კუპრაძის შეფასებით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. „არა მხოლოდ წავალთ [20 ივნისს], არამედ ვიშრომებთ იმისთვის, რომ მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს“, - თქვა მან.
პარლამენტის წევრმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა გვითხრა, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა, ვინ იყო მისი ორგანიზატორი.
„ათეულობით მილიონი ქართველი, ჩვენი წინაპარი შეეწირა იმას, რომ ვყოფილიყავით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ შორის - ევროპის. ის, რომ მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა მივიღეთ და არა მაზდეანობა, ეს იყო ზუსტად ევროპული და ცივილიზებული არჩევანი ჩვენი. ამიტომ ვდგავარ აქ. მინდა, რომ საქართველო იყოს ბოლოს და ბოლოს იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, ევროპაში, რისთვისაც იბრძოდა მთელი საუკუნეების განმავლობაში და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ამ დიდ ოჯახში. გამოგვდევნა ამ ისტორიულმა ქარტეხილებმა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთან ძალიან ვიწროდ უყურებენ ამ ყველაფერს პარტიებიც, პოლიტიკოსებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც. ყველას თავისი გადასახედი აქვს, პრიზმა აქვს, თავისი ჭუჭრუტანა აქვს - „იმის დაძახილზე არ მივალ...“ ევროპაში გინდა? რას ჩივი, ვისი დაორგანიზებული აქციაა“, - განაცხადა ელისაშვილმა და დაამატა, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზეც აპირებს მისვლას.
ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად 16 ივნისს გამართულ აქციას დაესწრნენ საფრანგეთის, გერმანიის, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ბრიფინგზე მოუწოდა მოქალაქეებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე მისვლისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა. დოკუმენტი ასევე მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".