Accessibility links

site logo site logo

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა რუსულ გემზე დარტყმის შესახებ იუწყება


კუნძულ ზმეინის სატელიტური ფოტო. 2022 წლის მაისი

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში დარტყმა მიაყენეს რუსულ საბუქსირო გემს, „ვასილი ბეხ“-ს, რომელსაც კუნძულ ზმეინიზე მიჰქონდა საბრძოლო მასალები. ოდესასთან მდებარე ამ კუნძულს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის თანახმად, „ბორტზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ტორის“ არსებობამაც კი ვერ შეუშალა ხელი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს რუსი დამპყრობლების დემილიტარიზებაში“.

რუსულ გემზე დარტყმის შესახებ იუწყება ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკოც. "მილოცვა გადაეცით კრეისერ „მოსკვას“ გუნდს“, - წერს მარჩენკო ტელეგრამ-არხზე. დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია რუსულ გემზე დარტყმის მომენტი, თუმცა, ჯერჯერობით არც ამ ვიდეოს ავთენტიკურობაა დადასტურებული.

13 აპრილს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა რაკეტა „ნეპტუნ"-ით სერიოზულად დააზიანეს რუსეთის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა". რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ იყო.

14 აპრილს, დღისით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი ლოკალიზებულია, საბრძოლო მასალების აფეთქება შეწყდა, გემს ცურვის უნარი შენარჩუნებული აქვს, მისი ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა და მიღებულია ზომები პორტში კრეისერის ბუქსირით გადასაყვანად. 14 აპრილს, ღამით კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "მოსკვა"-ს ჩაძირვა დაადასტურა.

ერთი კვირის შემდეგ, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური შეტყობინება, რომ კრეისერზე დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი და 27 დაკარგულად ითვლება. მას შემდეგ რუსეთს „დაკარგულთა“ ბედის შესახებ აღარაფერი უთქვამს. სხვადასხვა მონაცემით, „მოსკვა“-ს ეკიპაჟში 400-დან 680-მდე წევრი იყო, ძირითადად, ჯარში ახალგაწვეული მეზღვაურები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG