რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარულმა ვითარებამ "უკიდურესად საგანგაშო" დონეს მიაღწია და განაგრძობს გაუარესებას. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს (OCHA) 17 ივნისის განცხადებაში.
სააგენტოს მიხედვით, ვითარება "განსაკუთრებით საგანგაშო აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკსა და მის შემოგარენში, სადაც რამდენიმე კვირაა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
"სევეროდონეცკში, როგორც უკვე ვთქვით, ათასობით ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, განიცდიან მუდმივი დაბომბვასა და შეტაკებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს (OCHA) თანახმად, კონფლიქტის მხარეები ვერ ახერხებენ შეთანხმებას ჰუმანიტარული დერეფნის შექმნისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის ხელშეწყობისთვის, მაშინ, როცა ქალაქში "მცირდება სუფთა წყლის, საკვების, სანიტარიისა და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა."
სააგენტოს ცნობით, როგორც "აქტიური საომარი მოქმედებები განაგრძობს ესკალაციას" აღმოსავლეთ უკრაინაში, ომი ასევე დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას, მათ შორის ჰუმანიტარულ მუშაკებს.
უზარმაზარი პრობლემების მიუხედავად, გაერომ და ჰუმანიტარულმა პარტნიორებმა "ომის დაწყებიდან უკრაინის მასშტაბით 8.8 მილიონზე მეტ ადამიანს გაუწიეს დახმარება", - ნათქვამია ანგარიშში.