Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმების დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვს


სამოქალაქო ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”, რომელიც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოს მიმართ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ პირობების შესრულება, რომლებსაც ევროპელი პარტნიორები ითხოვენ, როგორც სტატუსის მინიჭების წინაპირობას.

"საქართველოს მიმართ კომისიის მოსაზრებები უკიდურესად კრიტიკულია, და უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით არ შეიცავს რეკომენდაციას წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ძირს უთხრიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას - გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი.

მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ევროკავშირი არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას და ამის დასტურია ის ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება გარანტირებული იქნება. 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ", - ნათქვამია სამოქალაქო ინიციატივის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას, კანდიდატობის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია:

  1. ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება;
  2. ყველა სახელმწიფო უწყების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  3. საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება;
  4. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა;
  5. ანტიკორუფციული რეფორმა;
  6. საქართველოს დეოლიგარქიზაცია;
  7. ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა;
  8. მედიაგარემოს გაუმჯობესება;
  9. ადამიანის უფლებების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა;
  10. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
  11. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
  12. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება;
  13. სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, გამოავლინონ მზაობა ზემოხსენებული საკითხების გადასაწყვეტად და გადავიდნენ მოქმედებაზე, რათა 24 ივნისამდე უზრუნველყონ კონკრეტული ინიციატივების მიღება და ძირითადი დამაბრკოლებელი ბარიერების მოხსნა", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად არასამთავრობო სექტორი გამოთქვამს მზაობას, სახელმწიფო ორგანოებს გადასცეს წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად შექმნილი ცვლილებების პაკეტები.

დღეს, 17 ივნისს, გახდა ცნობილი ევროკომისიის პოზიცია საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG