უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინაში მებრძოლმა სხვა ქართველებმა გაავრცელეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო საქართველოში გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები.
"ის უკრაინაში ჩამოვიდა ისე, როგორც ჩვენ, ინდივიდუალური გადაწყვეტილებით... დაიღუპა გმირულად, მას გამოჰყავდა დაჭრილი. ის რომ არ მიბრუნებულიყო, ალბათ, მძიმე ამის თქმა... შეწირა თავი. პირველივე დღეებში ჩამოვიდა, რამდენიმე ჯგუფში იბრძოდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინაში მებრძოლმა კიდევ ერთმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ.
გარდაცვლილი ალუდა ზვიადაური 1980 წელს იყო დაბადებული. მისი საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, 24 თებერვლიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.