Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ხურვალეთთან „ბორდერიზაციის“ განახლების შესახებ სუსი განცხადებას ავრცელებს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს სოფელ ხურვალეთთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 18-19 ივნისს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ.

უწყების განმარტებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმართეს უკანონო ინსტალაცია. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს:

„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„ბორდერიზაციის“ პროცესი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აქტიურად განაახლეს ივნისის დასაწყისში.

7 ივნისს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ განახლებული ე.წ. ბორდერიზაცია იყო. საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის მოწყობა ბოლო ხანს ისევ დააჩქარეს და ღობეებს ავლებენ შიდა ქართლის პრაქტიკულად ყველა, განსაკუთრებით კი, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

12 ივნისს გავრცელდა ასევე ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან "ბორდერიზაციის" პროცესი განახლების შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, მანამდე მხარეები კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით გააგრძელებენ.

XS
SM
MD
LG