Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა გამოცემამ "უხეში შეცდომა" უწოდა რუსი სამხედროების "ოკუპანტებად" მოხსენიებას


რუსი სამხედრო უკრაინაში. 2022 წლის ივნისი
რუსი სამხედრო უკრაინაში. 2022 წლის ივნისი

კრემლის მიერ კონტროლირებულმა გამოცემამ, „მოსკოვსკი კომსომოლეც“-მა მკითხველს ბოდიში მოუხადა „უხეში, კალმის შეცდომისთვის“. ასეთ შეცდომად რუსულმა გამოცემამ გამოაცხადა უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროების ოკუპანტებად მოხსენიება.

გასული კვირის ბოლოს, ტელეგრამ-არხით გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ეხებოდა უკრაინელი მედიკოსის, იულია პაევსკაიას გაცვლას რუს ტყვეებში, ნათქვამი იყო, რომ „ოკუპანტების მიერ მარტის შუა რიცხვებში მარიუპოლში დატყვევებული პაევსკაია, ტყვეობიდან გაათავისუფლეს“.

მოგვიანებით, „მოსკოვსკი კომსომოლეც“-მა ტექსტი შეცვალა, სიტყვა „ოკუპანტები“ ამოიღო, პაევსკაია კი „მხურვალე ნაციონალისტად“ მოიხსენია. კრემლის მიერ კონტროლირებული გამოცემა აცხადებს, რომ „მომხდარის გამო დამნაშავეები უმკაცრესად დასაჯეს", სამსახურიდან დათხოვნითაც კი.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

კრემლი, რომელიც უკრაინაში შეჭრას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ათეულობით დამოუკიდებელი მედიასაშუალების მუშაობა.

XS
SM
MD
LG