საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მიმართავს. საგანგებო მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტმა აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა, საუბარია სიმშვიდის შენარჩუნებაზე.
"მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს აქ ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცავებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთ ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება მისაღები", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღეს, 20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ე.წ. გავრილოვის ღამიდან სამი წლისთავზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციას მართავს.
აქცია თბილისში გაიმართა 16 ივნისსაც, ევროპის მოედანზე. აქციის ორგანიზატორი საქართველოს პრეზიდენტი იყო. მან საზოგადოებას შეკრება 14 ივნისს, ორბელიანების სასახლეში ჩატარებულ ბრიფინგზე შესთავაზა. პრეზიდენტის მოწოდებით გამართულ აქციაზე, მისი მიწვევით მივიდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც. აქციაში მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიიღო.
14 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა "სირცხვილიას" აქციის გადადებისკენ მოუწოდა.
დაწერეთ კომენტარი