Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა საქართველოში აღარ შემოუშვეს


ოლგა ბორისოვა
ოლგა ბორისოვა

Pussy Riot-ის წევრ ოლგა ბორისოვას დღეს, 20 ივნისს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა და რადიო თავისუფლებასაც ესაუბრა.

აქტივისტის თქმით, ის Pussy Riot-ის ევროპული ტურნედან ბრუნდებოდა. თბილისის აეროპორტში მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

"მარტიდან საქართველოში ვცხოვრობ. ტურნეს დამთავრების შემდეგ, ამსტერდამიდან თურქეთის გავლით, სახლში ვბრუნდებოდი. თბილისში რომ ჩამოვფრინდი, შემოწმებისას ქალმა ჩემი პასპორტის თვალიერება დაიწყო, მერე ფოტო გადაუღო და ვიღაცას ვოტსაპით გაუგზავნა. ამასობაში პოლიციელი მოვიდა და მკითხა, თქვენ ოლგა ბორისოვა ხართ? ვუპასუხე, დიახ. დაელოდეთ, დაგიძახებენო. 20-30 წუთი ველოდე, არავის არაფერი უკითხავს. ვიღაც კაცი ელაპარაკებოდა პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ჰგავდა. მაგან მკითხა რუსულად, ვისთან ჩამოხვედითო? ვუპასუხე, მე აქ ვცხოვრობ, სახლი მაქვს აქ, მეგობარი ბიჭი მყავს. ქართველიაო? საქართველოს მოქალაქეო? დიახ-მეთქი, ადგილობრივია. ამასობაში პოლიციელი მოვიდა და მითხრა, თქვენ უარი გეთქვათ შესვლაზეო. იმავე თვითმფრინავზე დამსვეს, რომლითაც ჩამოვედი და უკან, თურქეთში გამომიშვეს", - ჰყვება ოლგა ბორისოვა.

ბორისოვა ამბობს, რომ იგი თურქეთიდან კვლავ ამსტერდამში დაბრუნდება და ცოტა ხანში ისევ შეეცდება საქართველოში შემოსვლას.

"დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც დროის მერე ისევ ვცდი საქართველოში ჩასვლას. პასპორტში ჩავიხედე და არანაირი ბეჭედი არ ჩაურტყამთ, რომელიც დაადასტურებდა, რომ უარი მითხრეს შესვლაზე", - ამბობს იგი.

ოლგა ბორისოვა აღნიშნავს, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არც რაიმე სხვა სახის გამოძიება მიმდინარეობს.

"არ მგონია, რომ ეს [საქართველოს უარი შეშვებაზე] რუსეთთან კავშირში იყოს, მგონია, რომ თვითონ [საქართველოში] უფრთხიან ასეთ შემთხვევებს", - ამბობს იგი.

ოლგა ბორისოვას შემთხვევაზე წერს ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ლუბოვ სობოლიც:

"გასულ წელს მათ არც მე შემიშვეს ქვეყანაში და შედეგად, საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი მითხრა შესვლაზე. ეს ყველაფერი სხვაგვარად ვერ გადაითარგმნება, თუ არა პუტინის რეჟიმისთვის დახმარების გაწევა".

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი აქტივისტი, ბლოგერი ინსუ ლანდერი, რომელსაც რუსეთში სისხლისსამართლებრივად დევნიან, საქართველოში არ შეუშვეს. ის საქართველო-რუსეთის საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში ერთ კვირაზე მეტია იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს აქტივისტის ნახვის უფლება არ მისცეს.

Pussy Riot-ის წევრ ოლგა ბორისოვას თქმით, მას საქართველოში არშეშვების მიზეზი საზღვარზე არ უთხრეს. მისი უკან გაბრუნების მიზეზი რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა. პასუხი მიღებისთანავე აისახება სტატიაში.

XS
SM
MD
LG