Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითულიანი: ორგანიზატორები ენმ-სთან აფილირებული იყვნენ, თუმცა აქცია - აპოლიტიკური


"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას, რომელიც გუშინ, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც ესწრებოდნენ. მანამდე, "ქართული ოცნების" ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.

"მოსახლეობის 80 პროცენტი არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.

აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ", - თქვა ბექა დავითულიანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

გუშინ, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.

გუშინ, აქციამდე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, ამბობდნენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.

"ეს [დღევანდელი] აქცია არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან", - თქვა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG