სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვრცელდება თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის ფეისბუკპოსტის "სქრინი", რომლის მიხედვითაც, ის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს აგინებს. ფეისბუკპოსტში, რომელიც ახლა აღარ იძებნება, წერია, რომ გამგებელს იმედი ჰქონდა, რომ მოქალაქეები "შეცდომას არ დაუშვებდნენ".
"მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენს შვილებს, გვერდით მდგომებსაც შეუძახებდით, შეცდომა არ დაეშვათ!
მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ", - წერია კახა სამხარაძის სახელით გავრცელებულ პოსტში.
ეს პოსტი, ამ დროის მონაცემებით, [21 ივნისი, 12:19], კახა სამხარაძის ფეისბუკის გვერდზე არ იძებნება, თუმცა მოქალაქეები გამგებლის სხვა საჯარო პოსტებზე გამოხატავენ ბრაზს შეურაცხმყოფელი კომენტარებით.
სამგორის რაიონის გამგეობის პრესსამსახურმა რადიო თავისუფლება გამგებელთან არ დააკავშირა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ თუ გავრცელებულ პოსტზე გამგებელი კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს, ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან.
"გამგებლის არასამუშაო საათებში გაკეთებულ მის პირად განცხადებასთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს", - უთხრეს გამგეობის შენობაში მისულ ჟურნალისტებს.
გუშინ, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.
აქციის დაანონსების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს პარტიული შეკრება იქნებოდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.
დღეს კი, პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას პარლამენტის შენობის წინ მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც ესწრებოდნენ.
"მოსახლეობის 80 პროცენტი არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.
აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური. ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ", - თქვა ბექა დავითულიანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.