Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, უსამართლოა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ იღებს


ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსამართლოს უწოდებს იმ რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, საქართველო ამ ეტაპზე ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

"უსამართლოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვესმის. ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან გვსმენია, რომ სტატუსის მინიჭება უკრაინისადმი იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ომშია, ხოლო მოლდოვა მისი მოსაზღვრე ქვეყანაა და ძალიან რთულ ვითარებაშია. ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა იქ და ა.შ.

რა თქმა უნდა, საქართველოს თუ შევადარებთ და ჩვენთან ჩატარებულ რეფორმებს გადავხედავთ, ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატარში სამუშაო ვიზიტით 20 ივნისს გაემგზავრა. ის შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG