Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროპულ მომავალს ვერცერთი პოლიტიკური პარტია და გარე ქვეყანა ვერ შეცვლის - კრამონი


ვიოლა ფონ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველო არის ევროპა ევროპული გულითა და ევროპული ღირებულებებით, ქართველები კი ევროპული მომავლის მქონე ერია, რომელსაც ვერცერთი პოლიტიკური პარტია და გარე ქვეყანა ვერ შეცვლის. ამ განცხადებით ის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მიერ გუშინ, 20 ივნისს, თბილისში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

"საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ასე! ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით. ამას ვერცერთი პოლიტიკური პარტია და გარე ქვეყანა ვერ შეცვლის. ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი", - წერს კრამონი "ტვიტერზე".

გუშინ "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.

აქციის დაანონსების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს პარტიული შეკრება იქნებოდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.

აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე, წაიკითხეს მანიფესტი, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, 2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება.

შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, "ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე". მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.

XS
SM
MD
LG