Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ამ დროისთვის 15-მდე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიმართ. ის პრეზიდენტებსა და მთავრობის ხელმძღვანელებს 24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში მხარდაჭერას სთხოვს.

ზურაბიშვილი ცალ-ცალკე მიმართავს ესტონეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდის, შვედეთის, გერმანიის, ხორვატიის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს.

მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას, ზურაბიშვილი ახსენებს, რომ საქართველოს და პოლონეთს საერთო ტრაგიკული წარსული აქვთ, რომელიც მოიცავს ოკუპაციასა და ევროპული ოჯახიდან მოწყვეტას. ზურაბიშვილი პოლონეთის მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს.

გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ზურაბიშვილი მიმართავს, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ყოფდეთ. საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG