სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე ორი პირი დააკავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ საქმინობასთან დაკავშირებით) ბრალდებით, დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე.
გამოძიების ვერსიით, „2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - რესპონდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ".