გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, დღეს ვალია ვანიშვილის სახლთან მისულ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრებს, სახლის წინ გავლებული საოკუპაციო ღობე ამაღლებული დახვდათ. მათ დათა ვანიშვილის ქვრივს პროდუქტები მიაწოდეს, თუმცა ეს მავთულხლართების დაწევის შემდეგ მოახერხეს.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსები ვალია ვანიშვილის სახლთან მუდმივად პატრულირებენ და ღობის ამაღლებით, მარტოდ დარჩენილ მოხუცს სრულ იზოლაციაში აქცევენ. დავით ქაცარავამ ისიც განაცხადა, რომ მათი იქ ყოფნის პერიოდში საოკუპაციო ძალების პატრულიც გამოჩნდა და შეიარაღებულმა პირებმა დაწეული ღობის შემოწმება დაიწყეს.
დათა ვანიშვილი ოკუპაციის შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა, მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაჰყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში სტუმრად მყოფი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად გაყოფილ ოჯახებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დასთანხმდა მიეღო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია. ახლა იმ სახლში მისი ცოლი ვალია ვანიშვილი მარტო ცხოვრობს და შვილი ხანდახან, მალულად ახერხებს დედის მონახულებას.