Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე სტატუსის არმიცემაზე: გულდასაწყვეტია ქვეყნის დასჯა


კახა კალაძე, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი
კახა კალაძე, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", გენერალური მდივანი და ამავდროულად თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიცემას, ქვეყნის დასჯას უწოდებს. მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ახსნა, რატომ ფიქრობს ასე.

"როდესაც ვსაუბრობ ევროპულ განვითარებაზე და როდესაც ვამბობ, რომ გულდასაწყვეტია, რომ ეს სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი ახსნა. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით. არაფერზე არ დაგვიხევია უკან - ჰქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე მეტად თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ხელ და ფეხდაკარგული ჩვენი ჯარისკაცი, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.

თითოეულმა ქართველმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის. გულდასაწყვეტია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და პირდაპირ შეიძლება ითქვას - ქვეყნის დასჯა, რომ არ მოგვცეს სტატუსი. მაგრამ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, მოგვცემენ ამ სტატუსს", - თქვა კალაძემ.

მას არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. მათ შორის იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ევროკომისიამ ქვეყანას მისცა.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქია არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, არამედ ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 21 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ ჩამონათვალს დაამატა "ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG