Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო - კობახიძე მარგველაშვილის EU-სადმი წერილს აფასებს


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ინიციირებული წერილი ევროკავშირისადმი იმ კაცის ქცევას შეადარა, ვისაც შვილის გათხოვება სურს და ამბობს, „ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო“. მისი განმარტებით, ამიტომ არ მოაწერა მმართველი გუნდის არცერთმა წარმომადგენელმა ამ წერილს ხელი.

"ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი, გავიმეორებ [ჰგავს], როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში, ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო. და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ. ვართ ბევრად უფრო ლამაზები, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. სერიოზულად, ყველა კრიტერიუმი რომ ავიღოთ, თუნდაც უსაფრთხოება, გამოწვევების მიმართ პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს, ყველა პარამეტრით, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილი პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ასევე პარლამენტის 4 ყოფილი თავმჯდომარე ევროკავშირს წერილით მიმართავენ, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.

წერილის შინაარსი შემდეგია: ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც წერილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს გადასცა.

ექსპრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გარდა, წერილს უერთდებიან პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარეები, რომლებიც 2016 წლამდე იკავებდნენ ამ თანამდებობას. წერილს, კერძოდ, ხელი მოაწერეს დავით უსუფაშვილმა, დავით ბაქრაძემ, ნინო ბურჯანაძემ და აკაკი ასათიანმა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მიმართვას არ შეუერთდა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG