Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარ სრულიად შეშფოთებული იმით, თუ რა მოვისმინე პარლამენტში - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა 22 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენას და იმ გზავნილებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ისმოდა ანგარიშით გამოსვლის პარალელურად.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის შეშფოთებულია იმით, რაც დღეს პარლამენტში მოისმინა. მისი თქმით, 22 ივნისს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრე, ბრიუსელში გაიგზავნა „ყველაზე ნეგატიური“ გზავნილები.

„რას ვაკეთებთ ამ ბოლო დღეებში იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი წარმოვაჩინოთ ყველაზე პოზიტიურად და მივიღოთ წარმატებული შედეგები. ერთი მხრივ, მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას. გამოვიდა საზოგადოება, ძალიან დიდი რიცხვები და ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა ბრიუსელს, რომ ჩვენ აქ საზოგადოება, ყველა წლოვანების და ყველა პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანები, ყველანი ერთად დგანან და ყველანი ამბობენ ერთ რამეს, ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ რამეს ანიჭებს მნიშვნელობას ევროკავშირი, ევროპა, ზოგადად, ეს არის ადამიანების ნება და თავისუფალი გამოხატულება. და ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა, იყო ერთიანობა.

სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე. მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმის გამო, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. რაც არის საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა. მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ.

არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს, რომ, თურმე, ჩვენ ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი, ალბათ, იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა. ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით. შენ, როცა ელოდები პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმი, მოგეთხოვება ორი რამე: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ზოგადად ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო, რას ელოდება შენგან პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, ძალიან მარტივს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ და ყველა ერთად, არაპოლარიზებულად და არა დაპირისპირებით, ყველამ ერთად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. მთელი მოსახლეობა, ვინც მოუსმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული“.

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინეს, განსაკუთრებული ხმაურის ფონზე წარიმართა.

17 ივნისს ევროკომისიამ მოლდოვასა და უკრაინას გაუწია რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს კი სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება დაავალა. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

XS
SM
MD
LG