Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია და ლიეტუვა: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევოინტეგრაციას


ორი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოს პრეზიდენტს წერენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები პრეზიდენტების ტვიტერის ოფიციალურ გვერდებზე ქვეყნდება.

"ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ", - წერს გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი ტვიტერზე.

"ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია", - წერს ლატვიის პრეზიდენტი, ეგილს ლევიტსი ტვიტერზე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევოინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის წევრობის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის ამ გაერთიანების 27-ვე ქვეყნის ლიდერს პერსონალურად ჩაწერილი ვიდეობით მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა. ამ ქვეყნებს შორის იყო ლატვია და ლიეტუვაც.

17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG