უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს მოუწევთ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის დატოვება. ამის შესახებ განაცხადა ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ.
„სამწუხაროდ, მოგვიწევს სევეროდონეცკიდან ჩვენი სამხედროების გაყვანა, რადგან განადგურებულ პოზიციებზე ყოფნას აზრი არ აქვს და იზრდება დაღუპულთა რიცხვი“, - წერს ტელეგრამ-არხზე ჰაიდაი. მისი ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში, რუსების პრაქტიკულად ყოველდღიური შეტევის შედეგად, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია და დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 90%.
გამოცემა "უკრაინსკა პრავდა"-ს ინფორმაციით, 24 ივნისის დილის მდგომარეობით, არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და არც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, სევეროდონეცკიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.
უკრაინის გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სევეროდონეცკის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკიდან სამხრეთით, რუსეთის სამხედრო ძალებმა გაარღვიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვის ხაზი და ქალაქთან მიახლოებას ცდილობენ. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიციის სარდლობასთან დაახლოებულ წყაროზე“ დაყრდნობით წერს, რომ მათი ძალები უკვე იმყოფებიან ლისიჩანსკის სამხრეთ გარეუბანში.
დაწერეთ კომენტარი