Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა თანამდებობიდან გადადგომას და ამგვარად პასუხისმგებლობის აღებას ევროპული საბჭოს მიერ 23 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ არ აპირებს გადადგომას და მზადაა ემსახუროს ხალხს და ქვეყანას.

"რაც შეეხება გადადგომას, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ მე შარშან თებერვალი გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა", - უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე. მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

აქციის, „შინ ევროპისკენ“, ორგანიზატორებმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე, მთავრობისადმი მოთხოვნებს გამოაცხადებენ.

„24 ივნისს, 20:00 საათზე ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გამოვაცხადოთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ და უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე, დაეწიოს მოლდოვას და უკრაინას“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

XS
SM
MD
LG