Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი პოლარიზაციაზე: ქვეყნის ინტერესშია, არ იყოს გაუთავებელი ჩხუბი, ოპოზიციას დიალოგისკენ მოვუწოდებ


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესშია, მმართველ ძალებში არ იყოს "გაუთავებელი ჩხუბი და შეურაცხყოფა". ამის შესახებ მან ევროკავშირის ერთ-ერთი პირობის, პოლარიზაციის დაძლევის გზებზე საუბრისას აღნიშნა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა, მათთან ერთად, ოპოზიციასაც აკისრია და მის დასასრულებლად ოპონენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

"ჩვენი ხალხის ინტერესებშია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ჩვენს ხალხში და საზოგადოებაში იყოს მშვიდობა, მათ შორის პოლიტიკურ, მმართველ ძალებში არ იყოს ასეთი გაუთავებელი ჩხუბი და შეურაცხყოფა ერთმანეთის. აქ, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ნაწილი ოპოზიციის ვალდებულებაა, მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ მათ გარეშე ამ პირობას ვერ შევასრულებთ.

დღესაც ვადასტურებ ამ მზაობას ტრიბუნიდან, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ.

მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა. პირველი პირობა არის პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად მაღალი შეშფოთების საგანია ჩვენს პარტნიორებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე. მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭებათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

აქციის, „შინ ევროპისკენ“, ორგანიზატორებმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე, მთავრობისადმი მოთხოვნებს გამოაცხადებენ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG