Accessibility links

site logo site logo

კრემლში დეფოლტს უარყოფენ


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლში უარყოფენ, რომ რუსეთმა, საგარეო ვალის მომსახურების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, დეფოლტი განიცადა. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დეფოლტის შესახებ განცხადებებს "არამართლზომიერი" უწოდა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, დღეს, 27 ივნისს პესკოვმა მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ სავალუტო გადახდა ჯერ კიდევ მაისში განახორციელა და თუ ადრესატებამდე ფული ვერ მივიდა, ეს რუსეთის პრობლემა არ არის.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, 27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ვალი, რაც ვერ შეძლო და შესაბამისად, 1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთში საგარეო ვალის დეფოლტია.

როგორც Bloomberg-ი წერს, თავად რუსეთი დეფოლტს ოფიციალურად არ გამოაცხადებს. როგორც წესი, ამას აკეთებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს. სააგენტოს თანახმად, დეფოლტის შესახებ შეუძლიათ განაცხადონ ობლიგაციების მფლობელებმა, რომლებიც ჯერჯერობით იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად აქვთ საკუთარი ფულის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების შანსი.

2022 წლის აპრილში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აღარ გააგრძელა დროებითი ლიცენზია, რომლის საფუძველზეც, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად, უცხოელი კრედიტორებისთვის დაშვებული იყო გამონაკლისი და რუსეთს მათთვის თანხის გადახდა შეეძლო. ლიზენციის მოქმედების ვადა 25 მაისს ამოიწურა. 27 მაისიდან დაიწყო დეფოლტამდე 30- დღიანი პერიოდის ათვლა.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვა ბრიტანულმა Citibank-მა, რის შემდეგაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ეს ფუნქცია გადასცა ეროვნულ დეპოზიტარს და განაცხადა, რომ მის ანგარიშზე თანხები გადარიცხა და ვალდებულება შეასრულა. თუმცა, დეპოზიტარი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში აღმოჩნდა. მოსკოვმა ბრიუსელი დაადანაშაულა ხელოვნური დეფოლტის პროვოცირებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG