Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დიდი შვიდეულის ლიდერებს: ომი ზამთრამდე უნდა დასრულდეს


დიდი შვიდეულის (G7) სამიტი გერმანიაში, 27 ივნისი, 2022 წელი
დიდი შვიდეულის (G7) სამიტი გერმანიაში, 27 ივნისი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებს მოუწოდა, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე დასრულდეს უკრაინაში რუსეთის ომი. ზელენსკის სიტყვების ფონზე, უკრაინის არმია აცხადებს, რომ აღმოსავლეთის ქალაქ ლისიჩანსკში აგრძელებს რუსეთის ძალის მხრიდან ალყის შემორტყმის მცდელობის მოგერიებას.

27 ივნისს ზელენსკიმ გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა და დასავლეთის ყველაზე განვითარებული ეკონომიკების მქონე სახელმწიფოთა ლიდერებს უთხრა, რომ სასურველია ომი დასრულდეს მანამ, სანამ ზამთარი დადგება და შექმნილი პირობები უკრაინის არმიას კიდევ უფრო გაურთულებს თავდაცვას. ზელენსკის ამ სიტყვებს ავრცელებს საერთაშორისო მედია, რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით.

ზელენსკიმ, ასევე, ითხოვა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები, რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციის დაწესება და უსაფრთხოების გარანტიები - ამბობენ დიპლომატები და დასძენენ, რომ უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა რუსეთისთვის "მძიმე" სადამსჯელო ზომების დაწესების აუცილებლობას და იმ გარემოებას, რომ მოსკოვზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს. ზელენსკიმ დახმარება ითხოვა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საქმეში და ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესში, ამბობენ დიპლომატები.

უკრაინის არმია 27 ივნისს აცხადებს, რომ ლისიჩანსკიდან დასავლეთით მოიგერია რუსეთის თავდასხმა და არ დაუშვა ალყის შემორტყმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ დონბასზე.

XS
SM
MD
LG