Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ ცნობას “ქართული ლეგიონის” მეთაური დეზინფორმაციას უწოდებს


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ომი უკრაინაში

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში დეზინფორმაციას უწოდებს რუსული მედიის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში, ლისიჩანსკთან, გაანადგურეს დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც რუსი სამხედროების მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

"რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ "განადგურებულ", "დაქირავებულ მებრძოლებს" შორის იყვნენ "ქართული ლეგიონის" წევრებიც.

„რუსულმა ქვედანაყოფებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან სამი კილომეტრის დაშორებით, ბრძოლების დროს გაანადგურეს 14 უცხოელისგან შემდგარი ორი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. პირველი ჯგუფი მრავალეროვნული იყო, შედგებოდა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისგან, მეორე ჯგუფში ე.წ. ქართულ ლეგიონში შემავალი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ საქართველოდან“, - ციტირებს "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.

მათივე ინფორმაციით, „განადგურებული“ ჯგუფის წევრები „მარტის დასაწყისში კიევთან რუსი სამხედროების სასტიკ წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ".

„ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, „ტყუილია ეს ინფორმაცია, არც "ქართული ლეგიონის" წევრები, არც სხვა ქართველი მებრძოლები და არც უცხოელი მოხალისეები დასახელებულ ადგილას არ იბრძვიან და დეზინფორმაციაა გავრცელებული ცნობა“, - უთხრა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.

უცნობია, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების ზუსტი რაოდენობა. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრანაში ომის დაწყების დღიდან, 16 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG