Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ათი ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

20 და 24 ივლისს თბილისში გამართულ აქციებს გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის რაოდენობის შესახებ ილაპარაკა „პალიტრანიუსის“ ეთერში და აღნიშნა, რომ მაქსიმუმ ათი ათასი ადამიანის გამოსვლა არის მოსალოდნელი, საერთო სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ მიერ ორგანიზებულ აქციებზე.

„ეს ისეთი ტყუილია, რომ არ ვიცი, ასი ათასი ადამიანიც ტყუილია. რაოდენობაში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება პირველ აქციას, ეს ევროპის იდეის გარშემო იყო ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ორგანიზატორი, კერძოდ, მისი ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“. როგორც კი ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიყვანეს, ვნახეთ, რომ ათი ათას კაცამდე დავიდა მთლიანად აქციის შემადგენლობა, ამდენიც შეიძლება არც დარჩეს. ათი ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ, მაგრამ აქ ესეც არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება. მეორე, ახლა თუ ხალხის რაოდენობაზე, მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით. აქ ძალიან მარტივად არის საქმე, თუმცა, ამ ეტაპზე პაექრობაში შესვლას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. რეალურად, ხალხის სახელით რომ გელაპარაკება მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს, უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინოა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG