Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამწუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია


ცნობილია MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების ერთობლივი, 3-8-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები:

კონკურსის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ ისტორიების მოყოლა იყო. სულ კონკურსში 30-ზე მეტი ფილმი მონაწილეობდა.

ფილმი „ჩვენ“, რომელმაც პირველი ადგილი აიღო, ბავშვებზეა, რომლებსაც ორივე მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჰყავთ, მამა თავის ქალის შიდა ტრავმის დიაგნოზით, დედა - ცერებრული დამბლის.

„2020 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, საზოგადოების 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ ინტელექტუალური შეზღუდვის შემთხვევაში ადამიანებს შვილები არ უნდა ჰყავდეთ. საგანგაშო სტატისტიკაა, მაგრამ რეალური. მე თავად ვარ მშობელი, მყავს ერთადერთი ბიჭი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. აქვე არიან სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვების მშობლები. მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები განუვითაროთ, გვაწუხებს მშობლებს ის ფიქრი, თუ როგორ იქნებიან ისინი, როცა ჩვენ არ ვიქნებით. დღეს ჩემი შვილი საღამოს დამხმარე ასისტენტთან ატარებს. მინდა, 15-20 წლის შემდეგ, გაბრიელმა საღამო თავის ოჯახთან ერთად გაატაროს. ეს ჩემთვის მომავლის ფილმია“, - აღნიშნა დაჯილდოებისას MAC Georgia-ს წარმომადგენელმა დიანა ჯანაშიამ.

ფილმი „ნიკა“, რომელმაც მეორე ადგილი აიღო, მართლაც ნიკაზეა, ბიჭზე, რომელსაც ხელში საახალწლო შუშხუნა აუფეთქდა და ამის შემდეგ სახლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ნიკა ფილმის რეჟისორთან ერთად
ნიკა ფილმის რეჟისორთან ერთად

„რთულია ასეთ დროს მეგობრის პოვნა, მაგრამ ერთი ადამიანიც რომ იყოს გვერდით, რომელიც შეძლებს დაგეხმაროს საკუთარი თავი სწორად გამოხატო, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს“, - ამბობს ფილმის რეჟისორი ანა რ. ჯაფარიძე. მისი ფილმი სწორედ ამაზეა, მეგობრობაზე.

მესამე ადგილი ორმა ფილმა გაიყო - „რეჟისორმა“ და „თუთამ რა დააშავამ“. პირველი ფილმი ეტლით მოსარგებლისა და უსინათლოს ლაპარაკით იწყება, ისინი საუბრობენ და თან საკუთარ თავზეც ხუმრობენ. მოგვიანებით ირკვევა, რომ მოსაუბრეები მსახიობები არიან და ფილმს შშმ პირი იღებს, ანუ ფილმი ფილმის გადაღებაზეა. „ამდენი ღადაობაც არ მინდა ფილმში, მერე ყველას უხსენი ცალ-ცალკე, რომ იუმორი ჩვენც გვაქვს, ზოგჯერ შავიც“, - ეს შშმ პირის რეპლიკაა ფილმიდან.

და კიდევ ერთი ფილმი - „თუთამ რა დააშავა“.

ერეკლე სოლოღაშვილი
ერეკლე სოლოღაშვილი

„ჩემს ფილმში ვეცადე ყოველდღიურობა გმირების გარეშე მეჩვენებინა, გადმომეცა, რას ხედავენ ისინი ყოველდღე. იმის გამო, რომ გარემო ადაპტირებული არ არის, შშმ პირები ძირითადად სახლებში სხედან და მხოლოდ იმას უყურებენ, რაც ფანჯრებიდან ჩანს. ეს მინდოდა მეჩვენებინა“, - ამბობს ფილმის რეჟისორი ერეკლე სოლოღაშვილი.

გამარჯვებულებისთვის საპრიზო ფონდი ასეთია: 15 000 ლარი პირველი ადგილისთვის, 6 000 ლარი მეორე ადგილისთვის და 3 500 ლარი მესამე ადგილისთვის. წელს სამწუთიანი ფილმების კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა. პირველ სამ შემთხვევაში კონკურსის თემატიკა ქალთა უფლებები, სექსუალური შევიწროება და კორუფცია იყო.

XS
SM
MD
LG