Accessibility links

site logo site logo

ლუ ანდრეას-სალომე: „საყოველთაო ერთობა“ აზრების, სამყაროებისა და ეპოქების გასაყარზე


სალომე ასათიანის პოდკასტი

1861 წელს სანკტ-პეტერბურგში, გერმანული წარმომავლობის გენერლის ოჯახში დაიბადა გოგო, რომელსაც უცნაურად მონუმენტური ბედისწერა ერგო. 19 წლის ასაკში, ფიქრებით, იდეებით, თავისუფლებისა და განათლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის რუსეთის იმპერიიდან ევროპაში გაემგზავრა, და გადაიქცა ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და, ამავდროულად, ყველაზე იდუმალ ვარსკვლავად. მისი ცხოვრების ისტორია ევროპის კულტურული და ინტელექტუალური ისტორიაცაა - მას შეუცვლელი როლი აქვს შესრულებული ევროპული ფილოსოფიის, ლიტერატურისა და მეცნიერების, კერძოდ ფსიქოლოგიის სფეროებში მომხდარ ფუნდამენტურ, როგორც იტყვიან ხოლმე „პარადიგმატულ“ ტრანსფორმაციებში.

ეს იყო ლუ ანდრეას-სალომე - მწერალი, ესეისტი, ფსიქოანალიტიკოსი. მოაზროვნე, რომლის მემკვიდრეობაც გამორჩეულად უხვია და მდიდარი - მას ეკუთვნის ათობით რომანი და მოთხრობა, ესეები და წიგნები რელიგიაზე, ფილოსოფიაზე, ფსიქოანალიზზე. სალომე იყო ერთ-ერთი პირველი ქალი ავტორი, რომელიც ქალის სექსუალობაზე და მის ფსიქოლოგიაზე წერდა. სალომემ დაწერა პირველი მნიშვნელოვანი გამოკვლევა ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ, მას ეკუთვნის წიგნები ჰენრიკ იბსენის ქალი გმირების შესახებ, რაინერ მარია რილკეს პოეზიისა და ცხოვრების შესახებ, ზიგმუნდ ფროიდისა და ფსიქოანალიზის საწყისების შესახებ. ცხოვრების ბოლო წლებში ლუ ანდრეას-სალომემ ავტობიოგრაფიული წიგნიც დაწერა - რომელშიც, როგორც თავისუფალი ქალი, ღიად გვიყვება თავის ცხოვრებაზე, რწმენაზე, იდეებზე და ურთიერთობებზე.

თუმცა ისტორიას ლუ ანდრეას-სალომე უწინარესად სხვა მოაზროვნეებთან - კაც მოაზროვნეებთან - კავშირის გამო ახსოვს. მის შესახებ დაწერილ ნებისმიერ ტექსტში პირველივე წინადადებაში წაიკითხავთ, რომ სალომე იყო მეოცე საუკუნის აზრისა და კულტურის სამი გიგანტის, ფრიდრიხ ნიცშეს, რაინერ მარია რილკესა და ზიგმუნდ ფროიდის ახლო მეგობარი, მუზა, თუ შთამაგონებელი ფიგურა. ისინი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით, მართლაც აბსოლუტურად მოხიბლული, ლამის მოჯადოებული იყვნენ ლუ ანდრეას-სალომეთი.

„ლუ რუსი გენერლის ქალიშვილია... ის არის არწივივით ზუსტი, ლომივით გაბედული, და თან ძალიან ქალური ბავშვი“, ამბობდა ნიცშე თავის მეგობარზე, მაშინ სულ რაღაც 21 წლის სალომეზე და დასძენდა - „ჩვენი გონება და გემოვნება ყველაზე ღრმადაა ერთმანეთთან კავშირში... ნეტავ ოდესმე თუ არსებულა იმგვარი ფილოსოფიური ღიაობა, როგორიც ჩვენს შორისაა”. „ლუ - რაოდენ ბრწყინვალე ხარ, რა სივრცე გახსენი ჩემში“ - წერდა მასზე 14 წლით უფროს და სხვა კაცზე დაქორწინებულ სალომეს მასში მგზნებარედ შეყვარებული დიდი პოეტი, რაინერ მარია რილკე. ზიგმუნდ ფროიდი - რომელიც სალომემ ცხოვრების შედარებით გვიანდელ ეტაპზე, 50 წლის ასაკის გადაცილების შემდეგ გაიცნო - მისთვის ჩვეული თავშეკავებით გამოთქვამდა გულდაწყვეტას, სალომე ვენაში მის ყოველკვირეულ ლექციას თუ გააცდენდა ხოლმე. „გუშინდელ ლექციაზე ძალიან მაკლდი... მონუსხული ვუყურებდი ცარიელ ადგილს, რომელიც შენთვის იყო დატოვებული“ - წერდა ფროიდი თავის მეგობარს.

როგორც მოაზროვნე, ლუ ანდრეას-სალომე დღეს უწინარესად ორ სფეროში ახსოვთ - ფსიქოანალიზის, და ფემინისტური ფილოსოფიის ტრადიციებში. ფსიქოანალიზს მან დაუტოვა ლირიკულად ოპტიმისტური ინტერპრეტაცია პირმშვენიერი ნარცისის მითისა, რომლითაც ის ძირშივე შეეწინააღმდეგა ფროიდისეულ, მკაცრ და დამთრგუნველ წაკითხვას და თქვა, რომ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის დადებითი განცდის გარდა, ნარცისიზმი იყო აფექტური იდენტიფიკაცია არსებობასთან, გარემოსთან, „ყველაფერთან“; ფემინისტი მოაზროვნის როლში, სალომესთვის ქალის კაცთან ფორმალურ თანასწორობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის - და ისეთი კომპლექსური საკითხები, როგორებიცაა რას ნიშნავს იყო ქალი, არსებობს თუ არა წმინდად ქალური ცოდნა, როგორია ქალის ეროტიკული ბუნება, აქვს თუ არა სქესი საკუთრივ გონებას.

ჯულია ვიკერსი
ჯულია ვიკერსი

ლუ ანდრეას-სალომეზე სალაპარაკოდ ეპიზოდში ორი მკვლევარი გვსტუმრობს - ჯულია ვიკერსი, ამერიკელი მწერალი და კინოდოკუმენტალისტი, ავტორი 2008 წელს გამოცემული წიგნისა „ლუ ფონ სალომე: ბიოგრაფია ქალისა, რომელმაც შთააგონა ფროიდი, ნიცშე და რილკე“, და ალექსანდრ ეტკინდი, რუსეთის პოლიტიკური და კულტურული ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში - რომელმაც ჯერ კიდევ 1993 წელს დაწერა საეტაპო მნიშვნელობის წიგნი „შეუძლებლის ეროსი: ფსიქოანალიზის ისტორია რუსეთში“.

სტუმრებთან ერთად დღეს ბევრ მასშტაბურ ამბავზე ვილაპარაკებთ. ჯულია ვიკერსი და ალექსანდრ ეტკინდი მოგვიყვებიან ანდრეას-სალომეს ფიგურის მნიშვნელობაზე ფრიდრიხ ნიცშეს მაგნუმ ოპუსისთვის, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, მოგვიყვებიან იმ გარდამტეხ როლზე, რომელიც სალომემ შეასრულა რაინერ მარია რილკეს - როგორც საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის - ფორმირებაში. ვისაუბრებთ ლუ ანდრეას სალომეს და ზიგმუნდ ფროიდის 25-წლიან მეგობრობაზეც - მათი მიმოწერიდან შემორჩენილია 200-ზე მეტი წერილი, რომლებიდანაც ინტენსიური ურთიერთინტერესი და მეგობრული სითბო გამოსჭვივის.

ალექსანდრ ეტკინდი
ალექსანდრ ეტკინდი

ალექსანდრ ეტკინდი მოგვიყვება ინტელექტუალურ რადიკალიზმზე მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნის რუსეთში - კონტექსტზე, რომელმაც დიდწილად განაპირობა ლუ ანდრეას-სალომეს ფენომენი. მაშინდელი რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში უაღრესად პოპულარული იყო ფროიდის იდეები, რადიკალი მოაზროვნეები ნიცშეს „ზეკაცის“ შექმნასაც რუსეთში ვარაუდობდნენ - ამ დინამიკურ პროცესებს და იდეების მიმოცვლას სტალინიზმმა დაუსვა წერტილი. ჩვენი სტუმარი აგვიხსნის იმ სინთეზსაც, რომელიც ლუ ანდრეას-სალომეს ნააზრევში გვხვდება ერთი მხრივ იმ პერიოდის ევროპის წამყვან კონცეფციებს, მეორე მხრივ კი რუსი ანტი-იმპერიალისტი მწერლების, თუ მისტიკოსი ფილოსოფოსების იდეებს შორის.

ჯულია ვიკერსთან ერთად ანდრეას-სალომეს ფენომენზე ქალის არქეტიპების კონტექსტშიც ვილაპარაკებთ - რადგან ჩვენი პოდკასტის გმირი, მისი მღელვარე, დინამიკური და საინტერესო ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ესადაგება „მუზის“, თუ „საბედისწერო ქალის“ სტერეოტიპულ სახეებს და ყოველთვის ინარჩუნებს კომპლექსურობას, ავტონომიას და პიროვნულ თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG