Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში „პრაიდ კვირეულის" პირველ ღონისძიებას ულტრანაციონალისტური ჯგუფები აპროტესტებენ


„პრაიდ კვირეულის" პირველი დღე თბილისში ულტრანაციონალისტური და პრორუსული ორგანიზაციების, ასევე, სასულიერო პირების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. კვირეულის პირველ ღონისძიებაზე, ფილმის (ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმი „სველი ქვიშა“) ჩვენებაზე მისული სტუმრები, კლუბში რკინის ჯებირებით გაკეთებული კორდონის გავლით ხვდებიან, რომელსაც პოლიცია იცავს.

„პრაიდ კვირეულის" ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ იმ დროს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ესწრაფვის, სახელმწიფო შეასრულებს საჯაროდ დადებულ პირობას და დაიცავს ადამიანის უფლებებს.

სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოჰკითხა ულტრაკონსერვატორული ჯგუფის, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო.

„პრაიდ კვირეულის" ფარგლებში იგეგმება რეგიონული ლგბტქ კონფერენციის ჩატარება. 30 ივნისს თბილისს ეწვევიან ქვიარ აქტივისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან და თურქეთიდან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

მესამე და კვირეულის უკანასკნელი ღონისძიება კი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2 ივლისს ჩატარდება და რომელზეც ორგანიზატორები 2 000-მდე სტუმრის მიღებას ელიან.

სამივე ღონისძიება დახურულია და მათ ადგილმდებარეობას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ.

გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, როცა ქუჩაში გამოსულმა ადამიანების მასამ ორგანიზებულად იძალადა მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბრობენ საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება.

მარიამ კვარაცხელია, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ულტრაკონსერვატორებმა შარშან მუქარა სისრულეში მოიყვანეს, წელს გაკეთებული განცხადებები კი აჩენს მათი დაკავების სამართლებრივ საფუძველს:

„შარშან იმავე ჯგუფის და მისი ლიდერების მიერ მოხდა ძალადობა, სამართლებრივად მათ მიერ წელს გაკეთებული მუქარები შეიძლება შეფასდეს, როგორც პირდაპირი და რეალური საფრთხის შემცველი“.

კვარაცხელია განმარტავს, რომ საჯარო მანიფესტაციაზე უარი აქტივისტებმა იმიტომ თქვეს, რომ ერთი წლის მანძილზე არც ხელისუფლების მიდგომა შეცვლილა, არც - შინაგან საქმეთა მინისტრი და არც - პრემიერ-მინისტრი. მეტიც, პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია უწოდა შარშანდელ „ღირსების მარშს“ და მის ორგანიზატორადაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადა.

„ვითომ ეს "ღირსების მარში" თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები“, - თქვა ღარიბაშვილმა 22 ივნისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯაროდ აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და მოუწოდებს „პრაიდ კვირეულის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი.

„შსს მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - წერია უწყების განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG