აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ისინი შეეხება ათობით ადამიანსა და კომპანიას, მათ შორის „ბანკ მოსკვის“, გაერთიანებულ ავიასამშენებლო კორპორაციას, „როსტეხს“, „კამაზს“, „ტუპოლევს“ და სხვა თავდაცვით საწარმოს.
გარდა ამისა, შეზღუდვებში მოყვა ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მისი ოჯახის წევრები.
მთლიანობაში სიაში შევიდა 45 კომპანია და 29 ფიზიკური პირი.
აშშ ასევე აკრძალვას აწესებს რუსეთიდან ოქროს იმპორტზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეუთანხმდა თავის კოლეგებს „დიდ შვიდეულში“, რომლის შეხვედრა დღეს დასრულდა გერმანიაში. როგორც მოსალოდნელია, მალე ასეთსავე ზომებს მიმართავენ დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა.
ჯერჯერობით უცნობია, გადადგამენ თუ არა მსგავს ნაბიჯს ევროკავშირის ქვეყნებიც - საფრანგეთი, გერმანია და იტალია. გასულ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა, განიხილოს რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგოს დაწესების საკითხი. აკრძალვა შეეხება ახალ პარტიებს და არ მოიცავს უკვე შესყიდულ ოქროს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ოქრო რუსეთის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას რუსეთისთვის „ათობით მილიარდი დოლარი“ მოგება მოაქვს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააზუსტა, რომ რუსული ელიტისთვის ოქროს ღირებულება უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენებმა ოქროს ზოდების შესყიდვა დაიწყეს დასავლეთის სანქციების პირობებში საკუთარი კაპიტალის შესანარჩუნებლად.