Accessibility links

site logo site logo

მამუკა მამულაშვილი: დღესდღეობით ფაქტობრივად მთელ ფრონტის ხაზზე ვართ განლაგებული


„ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი

უკრაინის დასაცავად მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი უცხოური დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

27 ივნისს რუსულმა მედიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინაში, ლისიჩანსკთან, გაანადგურეს 14 უცხოელისგან შემდგარი ორი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. პირველი ჯგუფი მრავალეროვნული იყო, შედგებოდა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისგან, მეორეში კი ქართულ ლეგიონში შემავალი მებრძოლები იყვნენ საქართველოდან.

ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა, რომელმაც რადიო თავისუფლებას უამბო, თუ რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება ფართომასშტაბიანი ომის მეოთხე თვის თავზე მის დაქვემდებარებაში მყოფი მოხალისეთა დანაყოფი.

მამუკა მამულაშვილი: დანაკარგი არ გვქონია. მით უმეტეს, ბოლო ხანებში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:21 0:00

კობა ლიკლიკაძე: მამუკა, გამარჯობა! სად იმყოფება „ქართული ლეგიონი“ ახლა, რა ამოცანებს ასრულებთ? გარდა იმისა, რომ გაქვთ საწვრთნელი, რეკრუტირების ძალიან ვრცელი პროგრამა, როგორც ეს ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის შენთან წინა ინტერვიუებით, აი, ახლა ამჟამად, ამ ცხელ ფაზაში, როდესაც ბრძოლები მიმდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, - რას აკეთებს „ქართული ლეგიონი“?

მამუკა მამულაშვილი: მოგესალმები, კობა! პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ „ქართული ლეგიონი“ უკრაინული ჯარის შემადგენლობაში არის ყველაზე დიდი უცხოური ფორმირება, რომელიც მოიცავს დაახლოებით 1000 კაცს ამ ეტაპზე. „ქართული ლეგიონი“ შედგება სპეცოპერაციების ძალებისგან და ასევე გადანაწილებულია რამდენიმე დანაყოფი სხვადასხვა უკრაინულ ბრიგადაში. დღესდღეობით ფაქტობრივად მთელ ფრონტის ხაზზე ვართ განლაგებული და ყველა ასრულებს, ასე ვთქვათ, თავის სპეციფიკურ დავალებებს.

კობა ლიკლიკაძე: მამუკა, მე ეს შეკითხვა ერთგვარად გამხსნელად დავსვი, რათა მეკითხა, როგორ არიან ქართველი ლეგიონერები? გქონდათ თუ არა დანაკარგი ამ ხნის განმავლობაში, რაც უკვე მეოთხე თვეა ბრძოლები გრძელდება?

მამუკა მამულაშვილი: დანაკარგი არ გვქონია. მით უმეტეს, ბოლო ხანებში. ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად არის მომართული „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ. არაერთი დოკუმენტური ფილმი აქვთ გადაღებული და, რა თქმა უნდა, არც დღეს არ მიკვირს, როდესაც... ფაქტობრივად, ამ ერთი კვირის განმავლობაში აცხადებენ „ქართული ლეგიონის“ ერთ-ერთი დანაყოფის განადგურებას, ეს არის სიცრუე, ეს არის რუსული პროპაგანდა.

კობა ლიკლიკაძე: რომლის სამიზნე შენ და „ქართული ლეგიონი“ მართლა დიდი ხანია ხართ. მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი: ბრძოლები გრძელდება, ამ ბრძოლებს თან ახლავს სასტიკი დაბომბვა, განუკითხავი დაბომბვა, როგორიც მაგალითად იყო კრემენჩუკში. მაგრამ შენ მინდა, როგორც პროფესიონალს, გკითხო, რა სტადიაშია ეს ომი შესული? სახეზეა ის, რომ უკრაინის არმია თითქოს ტაქტიკური უკანდახევის ფაზაში გადავიდა, რათა იერიშები წამოიწყოს თუ როგორ შეაფასებდი, როგორც პროფესიონალი, ამ ეპიზოდებს? ბრძოლის ამ ეტაპს?

მამუკა მამულაშვილი: არის გარკვეული მიმართულებები, სადაც მოგვიწია უკანდახევა. რაც შეეხება მთლიანად ომის დინამიკას, ძალიან დადებითად, თუ შეიძლება ვთქვა, მიმდინარეობს უკრაინული ჯარის წარმატებით. ძირითადად მიმდინარეობს საარტილერიო ცეცხლის მიმოცვლა, იმიტომ, რომ მინიმუმამდე არის დღეს დაყვანილი ქვეითების მონაწილეობა. რუსეთი ძალიან ინტენსიურ ცეცხლს ხსნის უკრაინულ პოზიციებზე, ფაქტობრივად პერმანენტული ცეცხლია. სულ მიმდინარეობს დაბომბვა. უკრაინული მხარე შეძლებისდაგვარად უპასუხებს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ველოდებით აშშ-ის მიერ მოწოდებულ ახალ შეიარაღებას, რაც შეიტანს დიდ გარდატეხას ომის მსვლელობაში.

კობა ლიკლიკაძე: მამუკა, ისე ლაპარაკობ, რომ შენ კიდევ მზად ხარ, შენს მებრძოლებთან ერთად განაგრძო ომი, არადა, ოთხი თვეა, ზუსტად ოთხი თვე გავიდა. დაღლილობა მებრძოლებს არ ეტყობათ? როგორ ხდება მათი როტაცია? როგორ ხდება მათი დასვენება? თუ არის ესეც გათვალისწინებული?

მამუკა მამულაშვილი: ასე დავარქვათ, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო 24 თებერვალს, მაგრამ სინამდვილეში ეს დაიწყო 8 წლის წინ. როტაცია არ გვქონია ჯერჯერობით და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში არ გვექნება. განწყობა საკმაოდ ამაღლებულია იმიტომ, რომ მოტივირებულები არიან ბიჭები, რადგან იციან, რომ ეს ბრძოლა არის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც და საერთო ცივილიზებული სამყაროსთვისაც. ასე რომ, მოტივაცია ყოველთვის მაღალია და რაც შეგვიძლია, ფაქტობრივად, ჩვენს დონეზე გაკეთდეს, ვასრულებთ აბსოლუტურად ყველა დავალებას.

2014 წლიდან, საკუთარი მოქალაქეების გარდა, უკრაინას რუსეთის აგრესიისგან სხვა ქვეყნებიდან მოხალისეებად წასული ყოფილი პროფესიონალი სამხედროები იცავენ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონიც“.

უკრაინის წინააღმდეგ დაწყბული ფართომასშტაბიანი ომიდან ერთ თვეში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღიძრა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" მეთაურის, მამუკა მამულაშვილის და სხვა პირების მიმართ.

რუსეთში დაწყებული გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ მამუკა მამულაშვილმა „უკრაინის ტერიტორიაზე შექმნა შეიარაღებული ფორმირება, ჩაუდგა მას სათავეში და მოქმედებდა უკრაინულ შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად". ამავე ცნობით, მამულაშვილთან ერთად არის საქართველოს არანაკლებ 24 მოქალაქე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების ზუსტი რაოდენობა უცნობია. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, 16 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG