Accessibility links

site logo site logo

ომის გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვეში მიანიჭებენ - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი


დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი

პარტია "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები დღეს, 29 ივნისს გავრცელებულ საერთო წერილში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვეშიც არ მიანიჭებენ, თუ "ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა".

დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის განცხადება პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.

სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ", - წერენ დეპუტატები.

"საზოგადოების სიმართლით აღჭურვის" მიზნით გავრცელებულ განცხადებაში, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის დაგეგმვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემაც.

"შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.

კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 28 ივნისს, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ამცნო საზოგადოებას, რომ მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებდნენ დეპუტატები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

"მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისათვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით", - თქვა მამუკა მდინარაძემ 28 ივნისს.

დეპუტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ამ ეტაპზე მიენიჭა მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და გადაეცა 12 პირობა, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად 6 თვეში უნდა შეასრულოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 22 ივნისს პარლამენტში გამართული, ხმაურიანი სხდომის შემდეგ, ორ დღეში თქვა, რომ მზად არის კონსტრუქციული მუშაობისთვის და ოპოზიციასაც ამისკენვე მოუწოდებს.

„მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა. პირველი პირობა არის პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად მაღალი შეშფოთების საგანია ჩვენს პარტნიორებში“.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 12 პუნქტზე მუშაობა და ნებისმიერი კონკრეტული საკითხის განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ, შეცვლის რიტორიკას და ლექსიკონიდან ამოიღებს ტერმინებს - „პრორუსული მთავრობა“ და „პუტინისტური რეჟიმი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG