NATO-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. სხდომას, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომაზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
„ხაზი გაესვა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე".
ოფიციალური ცნობის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „საქართველოსა და NATO-ს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა".
ამავე ინფორმაციით, მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“.
მთავრობის ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ „სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, აღნიშნულია NATO-ს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს თემატიკა დეტალურად არის ასახული NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში NATO-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს".