Accessibility links

site logo site logo

ჯაფარიძის განცხადებით, „ოცნებამ" და შსს-მ „ლელოს" ყვარელში მოქალაქეებთან შეხვედრაში ხელი შეუშალეს


ფოტო არქივიდან: „ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე (ცენტრში)

პარტია „ლელო" მმართველ პარტიას და შსს-ს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. როგორც „ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ 29 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრაზე "ლელოს" წარმომადგენლებს დახვდა "ქართული ოცნების" ორგანიზებით მისული აგრესიული ჯგუფი.

„ყვარელში დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან იმისათვის, რომ გაგვეცნო მათთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები და ჩვენ დაგვხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, აგრესიულად განწყობილი ჯგუფი. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ შეხვედრისთვის. მიზანდასახულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, უნდა ითქვას, რომ პირდაპირ აგრესიული, გამომწვევი ქცევით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, მათ წინააღმდეგ გამოსული ყველა პირი იდენტიფიცირებულია. როგორც ჯაფარიძე ამტკიცებს, ისინი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. მან დააზუსტა, რომ ამ ჯგუფში იყვნენ ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

„ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მათ ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას. ყველაფერი აღწერილია. ეს მიუთითებს იმას, რომ ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ, „ქართული ოცნება“ გვთავაზობს აგრესიას და თავდასხმას", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელო“ გეგმავს კანონით გათვალისწინებული ყველა ნაბიჯის გადადგმას. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანების მოქმედება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაიგეგმა. პარტიამ ფოტომასალა წარმოადგინა, რომელზეც, მათი განცხადებით, სწორედ, დასახელებული პირები არიან აღბეჭდილი.

პარტია „ქართული ოცნების" ყვარლის ორგანიზაციის თავმჯდომარე როსტომ სესიაშვილი „ლელოს" განცხადებას ტყუილს უწოდებს.

„ასე, შეიძლება, ნებისმიერი რამ დააბრალოს ოპოზიციამ მმართველ პარტიას. როგორც გავიგე, ისინი იყვნენ პარკში, სადაც, შესაძლოა, ჩვენი მხარდამჭერიც იყო, ოპოზიციის და სხვებიც. ორგანიზებული რომ ყოფილიყო, პირველი მე ვიქნებოდი ადგილზე. ორი კვირაა თბილისში ვარ და არ ვიცი, რა მოხდა", - თქვა როსტომ სესიაშვილმა.

რადიო თავისუფლება შს სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ყვარელში მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრაზე მომხდარის დეტალებს არკვევენ და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სახალხო მოძრაობის მოთხოვნების შესახებ ხალხის ინფორმირებისთვის და თბილისში 3 ივლისისთვის დაგეგმილ აქციაზე მიწვევისთვის შეხვედრებს რეგიონებში მართავენ, აცხადებენ, რომ 29 ივნისს მოსახლეობასთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს გურიაშიც.

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ", ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე მოქალაქეების ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG