Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეფესბეს სახელმძღვანელოს მზაკვრული ნარატივი - დეგნანი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ განცხადებებზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა განცხადებებს, რომლებიც შეეხება იმას, თითქოს, აშშ დაინტერესებულია საქართველოს ომში ჩართვით.

კელი დეგნანმა ამგვარ განცხადებებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის "მზაკვრული ნარატივი უწოდა".

"მინდა გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც, როგორც ჩანს, გრძელდება. ეს პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის. ნება მიბოძეთ, ნათლად გამოვხატო: აშშ არ ცდილობს, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში, აშშ-ს არ სურს ეს ომი გაფართოვეს რამენაირად, აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად, რაც შეიძლება მალე. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული და ბრუტალური ომი დაიწყო და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ამის კეთებას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად აქცევდა. თუ არის რაიმე კითხვა, რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. თქვენი მეგობრები აშშ-ში და ევროპაში არიან და ეს არის საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გზა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, - ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა.

ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის მიერ 26 მარტს გაკეთებული განცხადების შემდეგ ალაპარაკდნენ. დანილოვმა თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.
XS
SM
MD
LG