Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ადასტურებს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ფაქტებს უკრაინის 30 ქალაქში

უკრაინა, ქალაქი ბუჩა. 4 აპრილი, 2022 წელი
უკრაინა, ქალაქი ბუჩა. 4 აპრილი, 2022 წელი

გაეროს ადამიანის უფლებების სამსახურის სამეთვალყურეო მისიამ 29 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინაში ომის განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ის მოიცავს პერიოდს 24 თებერვლიდან 15 მაისამდე.

ამ დროის განმავლობაში, გაეროს ექსპერტებმა დააფიქსირეს 3924 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი, ხოლო 4444 პირის დაშავება. რიცხვები რეალურად ბევრად მაღალია, რადგან ისინი ასახავს მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს.

ამ პერიოდში, კერძოდ, სამეთვალყურეო სამსახურის წევრებმა მოიპოვეს მონაცემები 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის შესახებ, სავარაუდოდ, არასაბრძოლო მოქმედებების ვითარებაში, რუსი სამხედროების მიერ უკრაინის 30-ზე მეტ ქალაქში.

საქმე ეხება, სხვათა შორის, ლტოლვილთა მანქანების დახვრეტას, ასევე იმ პირების დახოცვას, რომლებიც რუსების ეჭვით, უკრაინის არმიასთან თანამშრომლობდნენ.

„მხოლოდ ბუჩაში დოკუმენტურად დამტკიცებულია 50 სამოქალაქო პირის დახოცვა რუსი სამხედროების ხელით, როცა ქალაქი ოკუპირებული იყო“, - წაიკითხავთ ანგარიშში. გაეროსთვის ასევე ცნობილი გახდა სექსუალური ძალადობის 108 შემთხვევის, მათ შორის 78 გაუპატიურების შესახებ. მათგან 23 შემთხვევაში ექსპერტებმა დაამტკიცეს ჯგუფური გაუპატიურება, წამება, საჯაროდ გაშიშვლებაზე იძულება და სექსუალური ძალადობით მუქარა. 13 შემთხვევაში ძალადობა მიმართული იყო კაცების, რვა შემთხვევაში ქალების და ერთი - გოგონას წინააღმდეგ.

ამ დანაშაულის დიდი ნაწილი (87) რუსი სამხედროების მიერ არის ჩადენილი. ზოგ შემთხვევაში ეჭვმიტანილი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერორიზმისგან თავდაცვის და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, აღნიშნულია გაეროს ექსპერტების ანგარიშში.

ანგარიშში ლაპარაკია სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის წესების დარღვევაზე ორივე მხრიდან. გაეროს მიერ დოკუმენტირებულია გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯის, წამების და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევები.

ანგარიშის ავტორების თანახმად, საომარი მოქმედებების დროს დაინგრა და დაზიანდა 182 სამედიცინო, 230 სასკოლო შენობა.

გაერო შეშფოთებულია დაკავებების და გატაცებების შემთხვევების გამო, რომლებიც ხდება რუსეთის ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე. ექსპერტებმა დაადგინეს 248 ასეთი შემთხვევა, მათგან ექვსი მსხვერპლი (ერთი ქალი და ხუთი კაცი) მოკლული ნახეს. სამეთვალყურეო სამსახურმა დააფიქსირა ასევე უკრაინის სამართალდამცავების მიერ გატაცების 12 შემთხვევა.

გაეროს მონაცემებით, ივნისის ბოლოსთვის, უკრაინაში დაიღუპა 4731 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 5900 დაშავდა. დაღუპულთა შორის 289 ბავშვია.

XS
SM
MD
LG