Accessibility links

site logo site logo

შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანის კომენტარზე: მე ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ მაქვს


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უარს ამბობს ისაუბროს თავისი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებსა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხზე. დეგნანმა მოსაზრებას, რომ "აშშ დაინტერესებულია საქართველოს ომში ჩართვით", რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის "მზაკვრული ნარატივი უწოდა".

"მე არც ეს კომენტარი გამიკეთებია და შესაბამისად, ვერც ამ კომენტარის კომენტარზე გავაკეთებ კომენტარს... მე ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ მაქვს. არ ვიცი, ვის რა აქვს წაკითხული", - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კელი დეგნანის კომენტარის შეფასება სთხოვეს.

აშშ-ის ელჩმა დღეს, 30 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბარში გაიხსენა, რა ავნო საქართველოს რუსეთმა და რას აკეთებს აშშ მის დასახმარებლად.

"პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული და ბრუტალური ომი დაიწყო და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება... ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად აქცევდა. თუ არის რაიმე კითხვა, რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. თქვენი მეგობრები აშშ-ში და ევროპაში არიან და ეს არის საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გზა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, - ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა.

ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის მიერ 26 მარტს გაკეთებული განცხადების შემდეგ ალაპარაკდნენ. დანილოვმა თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ, გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG