Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსინათლოთა პროტესტი - რატომ შიმშილობენ უსინათლოთა კავშირში?


მოშიმშილეები უსინათლოთა კავშირში
მოშიმშილეები უსინათლოთა კავშირში

მეორე დღეა, უსინათლოთა კავშირის სამი წევრი ბოჭორმის 23 ნომერში, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის სამდივნოში შიმშილობს. გიორგი ენუქიძე, ლელა ვეფხვაძე და ცირა ვეფხვაძე სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას მოითხოვენ.

გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, სავარაუდოდ, უკანონოდ გასხვისებული ქონების თაობაზე დროულ და ეფექტიან გამოძიებას. მოშიმშილეების მესამე მოთხოვნა უსინათლოთა კავშირის წესდების ცვლილებაა, რომელიც თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება.

პროტესტის უკიდურეს ფორმას გიორგიმ, ლელამ და ცირამ მას შემდეგ მიმართეს, რაც 29 ივნისს ჩაიშალა უსინათლოთა კავშირში დანიშნული ყრილობა, სადაც კავშირის წევრები ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვდნენ.

გიორგი ენუქიძე უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილეა. ის უსინათლოთა კავშირის იმ 13 თანამშრომელს შორისაა, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

გიორგი ენუქიძე უსინათლოთა კავშირის ყრილობამ თავმჯდომარის წარდგინებით, 2022 წლის 17 იანვარს გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. როგორც ის უყვება რადიო თავისუფლებას, სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ყრილობაზე „თანამშრომლობის შეუძლებლობა“ დასახელდა. გიორგი ენუქიძე უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის სექტემბერში აირჩიეს და ამ პოსტზე მომდევნო ხუთი წელი უნდა ემუშავა.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარისა და ყრილობის გადაწყვეტილება გიორგიმ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ახლა სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სხდომა 4 ივლისსაა დანიშნული. გიორგი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ფაქტობრივად, სრულად უგულებელყო როგორც საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, ისე გაეროს შშმ პირთა კონვენცია. მისი თქმით, პროცესზე დარღვეული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილესთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ იხელმძღვანელა მხოლოდ ერთი, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, რომლის 2022 წლის რედაქციაც ამბობს, რომ ხელმძღვანელი პირის სამსახურიდან გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშეა შესაძლებელი.

როგორც გიორგი ენუქიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ, სოფიო ხუციშვილმა, მას შემდეგ გადაწყვიტა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რაც ის უსინათლოთა კავშირის ქონების გასხვისების საკითხებით დაინტერესდა. გიორგი ენუქიძე ირწმუნება, რომ სხვა მიზეზი მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა, არ არსებობდა:

გიორგი ენუქიძე
გიორგი ენუქიძე

„ჩემს, როგორც თავმჯდომარის მოადგილის საკურატურო სივრცეს, განეკუთვნებოდა ამ ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ფლობს უსინათლოთა კავშირი, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქონების ნაწილი ჯერ კიდევ წინა თავმჯდომარეების დროს, მთლიანად არის გასხვისებული, ნაწილი იჯარით არის გაცემული. როდესაც ამ დოკუმენტაციებში ჩავიხედე, ვნახე, რომ რამდენიმე შემთხვევა მკაფიოდ შეიცავდა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, ბოლო, ე.წ. რეორგანიზაციის, შპს. „საქართველოს ბიზნესის აკადემიის“ მოძრავი ქონების გასხვისების ფაქტი. ამ ქონების 49% უსასყიდლოდ გადაეცა ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. მას შემდეგ, რაც ამ საკითხებით დავინტერესდი, ჩემი პერსონა უკვე მიუღებელი გახდა როგორც ამჟამინდელი თავმჯდომარისთვის, ისე ყოფილი თავმჯდომარისთვის, რევაზ მაისურაძისთვის, რომელიც, ფაქტობრივად, უსინათლოთა კავშირის ჩრდილოვანი მმართველია“.

გიორგი ენუქიძემ, მიმდინარე წლის თებერვალში, სწორედ ამ ქონების გასხვისების კანონიერების გამოძიების მოთხოვნის მიმართა გენერალურ პროკურატურას და ეს საქმე ამჟამად ფინანსური პოლიციისთვისაა გადაცემული:

„დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიყავი ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზე. მოპასუხე მხარე ჯერ არ დაუბარებიათ. ამიტომ ვითხოვთ დროული გამოძიების ჩატარებას. ვიცით, როგორც ჭიანურდება ხოლმე ეს პროცესი და არ გვინდა, ამ საქმესაც იგივე ბედი ეწიოს. ქონების მსგავსი გასხვისებებით, უსინათლოთა კავშირის წევრებს ლუკმას აცლიან პირიდან და ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც გასული წლებიდან მოგვდევს, როგორმე უნდა დავასრულოთ“.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობს ლელა ვეფხვაძეც. რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, უსინათლოთა კავშირთან არსებული ანსამბლ „ლირას“ წევრია.

ლელა ვეფხვაძე, მიმდინარე წლის თებერვალში, უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის სხვა 10 თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს სამსახურიდან. მათი კოლექტიური გათავისუფლების მიზეზი კი ლელას და, კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი, ცირა ვეფხვაძე გახდა. ცირა ვეფხვაძე უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ დაკავებული თანამდებობიდან იანვრის ბოლოს გაათავისუფლა. ცირას გათავისუფლებას თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა.

ლელა ვეფხვაძე გვეუბნება, რომ ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა მათ ცირას მიმართ სოლიდარობა არ აპატია და სამსახურიდან გაათავისუფლა:

ლელა ვეფხვაძე
ლელა ვეფხვაძე

„ცირას გათავისუფლების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, თერთმეტი თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვცხადდით სამსახურში. ორი რეპეტიცია გავაცდინეთ. 10 თებერვალს გამოგვიგზავნეს გაფრთხილება. 14 თებერვალს სამსახურში მოვედით. უკვე სარეპეტიციო დარბაზში ვისხედით, როცა შემოვიდნენ, ჩაგვაბარეს ბრძანება და გარეთ გამოგვყარეს. ვიშიმშილებ, სანამ ყველა თანამშრომელი, მათ შორის, ცენტრის ხელმძღვანელი, ჩემი და, ცირა ვეფხვაძე, სამსახურში არ დაბრუნდება და არ აგვინაზღაურდება განაცდური. სანამ ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, აქედან ფეხს არ მოვიცვლი“.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე, სოფიო ხუციშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, უსაფუძვლოს უწოდებს გიორგი ენუქიძის ბრალდებას უსინათლოთა კავშირის კუთვნილი ქონების უკანონოდ გასხვისების შესახებ. ამბობს, რომ საქმეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ და სწორედ ისინი დაადგენენ სიმართლეს.

რაც შეეხება გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მისი თქმით, გარდა გიორგი ენუქიძისა და ცირა ვეფხვაძისა, მან გათავისუფლებულ 11 თანამშრომელს სამსახურში დაბრუნება შესთავაზა, თუმცა, მათგან უარი მიიღო:

სოფიო ხუციშვილი
სოფიო ხუციშვილი

„ამბობენ, სანამ ცენტრის ყოფილ უფროსს, ცირა ვეფხვაძეს არ დააბრუნებთ სამსახურში, მანამდე არც ჩვენ დავბრუნდებითო. მათ სასამართლოშიც შეიტანეს საჩივარი. ჯერ სხდომა არ დანიშნულა, თუმცა, ამ სხდომაზე ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ ჩვენს წინადადებას და მოსამართლესაც ვეტყვით, რომ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნებას ვთავაზობთ. რაც შეეხება ცირა ვეფხვაძეს, მისი აღდგენა ვერ მოხდება, რადგან ქალბატონ ცირას ჰქონდა გადაცდომები და ამ საკითხზე არ მინდა საჯაროდ ლაპარაკი“.

ცირა ვეფხვაძემ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებაში იანვრის დასაწყისში სამი მიზეზი ამოიკითხა: უხამსობა; თანამშრომლების მიმართ მუქარა; ფინანსური კრიზისი, რომელიც მისმა საქმიანობამ გამოიწვია. მეტიც, ცირა ვეფხვაძის მიერ, სავარაუდოდ, თანხების მითვისების ბრალდებით, უსინათლოთა კავშირმა პროკურატურას გამოძიების დაწყების განცხადებითაც მიმართა:

ცირა ვეფხვაძე
ცირა ვეფხვაძე

„დამაბრალეს, თითქოს კულტურის ცენტრის ანგარიშზე არ იდო შემოწირულობის თანხა. თანხის მითვისება დამბრალდა. პროკურატურამ უკვე დაადასტურა, რომ მე არაფერი მიმითვისებია, მე ბრალი არაფერში მიმიძღვის და ამიტომ აღარ სურს სოფიო ხუციშვილს ამ თემაზე საუბარი. სამსახურიდან დათხოვნა არ მაკმარეს და ღირსება შემილახეს. ან რა უხამსობას მაბრალებდნენ, ქცევას, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. სოფიო ჩემი ყოფილი მოსწავლეა და ეს არ უნდა ეკადრა, მაგრამ ის ყოფილი თავმჯდომარის, რევაზ მაისურაძის ხელშია და არ არის დამოუკიდებელი“.

ცირა ვეფხვაძე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად განსხვავებული აზრის ღიად დაფიქსირებას უკავშირებს:

„მე ღიად დავუჭირე თავმჯდომარის არჩევნებზე მხარი სოფიო ხუციშვილის კონკურენტს, რადგან ვთვლიდი, რომ ის გაცილებით დამოუკიდებელი იქნებოდა უსინათლოთა კავშირის მართვის პროცესში. გარდა ამისა, ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩემს წერილსაც, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა და სადაც ვწერდი, რომ კავშირის თავმჯდომარის არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა. ეს იყო უკვე ბოლო წერტილი და უკვე ჩავითვალე მიუღებელ ადამიანად. ამის შემდეგ ყველას ეუბნებოდნენ, ეს ქალი უნდა მოვაცილოთ კულტურის ცენტრს და ამით კულტურის ცენტრის ფინანსური კრიზისიც დაიძლევაო“.

თუკი უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის, სოფიო ხუციშვილის სიტყვებს დავეყრდნობით, ცირა ვეფხვაძის მსგავსად, სამსახურში ვერ დაბრუნდება ვერც გიორგი ენუქიძე:

„ბატონი გიორგი გათავისუფლდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის სათანადოდ ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას პირნათლად და ამით ჩვენი კავშირის წევრს ზიანი მიადგა. გარდა ამისა, ის ჩემს წინააღმდეგ ამხედრებდა თანამშრომლებს. მოქმედებდა ჩემთან შეუთანხმებლად. პირად ურთიერთობებშიც იყო გადაცდომები, რაზეც არ მსურს საუბარი. დამემუქრა ჩემი თანამშრომლის თანდასწრებით, არ დამიპირისპირდე, თორემ შედეგებს ნახავო“.

ბოჭორმის 23 ნომერში მოშიმშილე უსინათლოები იმ დრომდე აპირებენ პროტესტის გაგრძელებას, სანამ მათ მოთხოვნებს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ყურად არ იღებს. შიმშილობის მეორე დღეს, ლელა და ცირა ვეფხვაძეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

უსინათლოთა კავშირის წევრები მიმართავენ როგორც ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დაინტერესდნენ უსინათლოთა კავშირში არსებული პრობლემებით და იქონიონ რეაგირება საკუთარი მანდატის შესაბამისად.

ისინი მიიჩნევენ, რომ უსინათლოთა კავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში, რომელსაც, მათი თქმით, რეალურად, ყოფილი თავმჯდომარე მართავს, უსინათლოთა კავშირი ვერ იქნება წევრების ინტერესებისა და უფლებების დამცველი, ძლიერი, დემოკრატიული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის შედეგად, გაუმჯობესდება საქართველოში მცხოვრები უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG