Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილს გუნდში პატივს სცემენ, რესურსი აქვს პოლიტიკაში დაბრუნების - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი


ფოტოკოლაჟი: ბიძინა ივანიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი
ფოტოკოლაჟი: ბიძინა ივანიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი

მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" რამდენიმე დღის წინ გამოეყვნენ, აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან მას გუნდი პატივს სცემს. ახალ ერთობლივ განცხადებაში დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან "პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს".

"ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს", - წერია ახალ განცხადებაში, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე.

იმის დასტურად, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში, ხუნდაძის, სუბარისა და ყაველაშვილის ერთობლივ წერილში მოყვანილია ყოფილი პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი გახარიას განცხადებები - კერძოდ, ისინი, რომლებშიც თანამდებობის დატოვების შემდეგ განმარტეს, რომ დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერები 30 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, საზოგადოებას "აბსტრაქტული ეჭვი" ჰქონდეს ივანიშვილის მთავრობის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით:

"თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს...

ისმის მარტივი შეკითხვა - რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან."

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG