Accessibility links

site logo site logo

ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ „მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას"


ვატო წერეთელი, „ტვ პირველის" დამფუძნებელი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას. ის „ქართული ოცნების" დეპუტატებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი", - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

„ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და მოუწოდებს კადრების გასაჯაროებისკენ.

„ტვ პირველი" მიმართავს შეერთებული შტატების საელჩოს, რომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

„ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გაშველების დროს დაზიანებები მიიღო „ტვ პირველის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG